ფინანსური რჩევები

რა არის ნომინალური საპროცენტო განაკვეთი?

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არის ის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მითითებულია სასესხო ხელშეკრულებაში და ასახავს სესხის თანხაზე დარიცხულ პროცენტს, მაგრამ არ ასახავს სესხის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ფინანსურ ხარჯებს (როგორიცაა: სესხის დამტკიცებისა და დაზღვევის საკომისიო, ასევე, სესხის გატანის საკომისიო და ა.შ.)

რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის ის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ასახავს სესხის მიღებასთან დაკავშირებულ ყველა ფინანსურ ხარჯს მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დადგენა საშუალებას გაძლევთ სწორად და სამართლიანად შეადაროთ სხვადასხვა კომერციულ ბანკში სესხის აღებასთან დაკავშირებული ყველა ფინანსური ხარჯი და მიიღოთ თქვენთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება.

რით განსხვავდება ნომინალური საპროცენტო განაკვეთი ეფექტური საპროცენტო განაკვეთისგან?

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არის ის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მითითებულია სასესხო ხელშეკრულებაში და ასახავს სესხის თანხაზე დარიცხულ პროცენტს, მაგრამ არ ასახავს სესხის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ფინანსურ ხარჯებს (როგორიცაა: სესხის დამტკიცებისა და დაზღვევის საკომისიო, ასევე, სესხის გატანის საკომისიო და ა.შ.), ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის ის საპროცენტო განაკვეთი რომელიც ასახავს სესხის მიღებასთან დაკავშირებულ ყველა ფინანსურ ხარჯს ამ ფინანსური ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით. ფინანსური ხარჯი მოიცავს, როგორც ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს, ასევე სესხის დამტკიცებისა და დაზღვევის, სესხის გატანის საკომისიოს, სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოს, და ა.შ.

რა ხარჯები ახლავს სესხის აღებას?

სესხის აღების დროს გაითვალისწინეთ, რომ სესხს თან ახლავს გარკვეული ხარჯები, ესენია: ნომინალური საპროცენტო განაკვეთი; სესხის დამტკიცების საკომისიო; დაზღვევის საკომისიო; ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასური (იპოთეკის რეგისტრაციის და მოხსნის ხარჯი); სესხის გატანის საკომისიო, სიცოცხლის დაზღვევა, და ა.შ.

როგორ შევადაროთ საპროცენტო განაკვეთები - მაგალითი #1

#1 ბანკში ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არის 20%, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 22%; ვადა 12 თვე; #2 ბანკში - ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არის 20%, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი- 26%; ვადა 12 თვე; კითხვა: რომელ ბანკშია სესხი უფრო იაფი? სწორი პასუხია: სესხი იაფია #1 ბანკში განმარტება: ვინაიდან, #1 ბანკში სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ნაკლებია, ეს ნიშნავს, რომ #1 ბანკში კლიენტს ნაკლები ფინანსური ხარჯი აქვს (ე.ი. ნაკლებს იხდის გაცემის საკომისიოს, ან არ იხდის დაზღვევის ხარჯს და არ აქვს სხვა ფინანსური ხარჯები).

როგორ შევადაროთ საპროცენტო განაკვეთები - მაგალითი #2

#1 ბანკში ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არის 20%, ხოლო ეფექტური - 22%; ვადა 12 თვე; #2 ბანკში ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არის 18%, ხოლო ეფექტური - 22%. ვადა 12 თვე; კითხვა: რომელ ბანკშია სესხი უფრო იაფი? სწორი პასუხია: ორივე ბანკში სესხის სარგებლობის ფინანსური ხარჯი კლიენტისათვის ერთნაირია. ვინაიდან, მიუხედავად სხვაობისა ნომინალურ საპროცენტო განაკვეთებში, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი რომელიც ასახავს ყველა ფინანსურ ხარჯს, ორივე ბანკში ერთნაირია.

როგორ შევადაროთ საპროცენტო განაკვეთები - მაგალითი #3

ერთ-ერთ ბანკში ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არის 20%, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 22 % ( სადაც ასევე შედის სესხის დამტკიცების საკომისიო 1%). ვადა 12 თვე; ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში - ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არის 18 %, დამტკიცების საკომისიო შეადგენს 3%, ხოლო დაზღვევის ხარჯი 2 %-ია. ვადა 12 თვე; ზემოაღნიშნულ ბანკში სესხი უფრო იაფია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ნომინალურ საპროცენტო განაკვეთი მიკროსფონანსო ორგანიზაციაში ნაკლები იყო ბანკთან შედარებით, ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მეტია სესხის მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ხარჯები (გაცემის საკომისიო, დაზღვევა და ა.შ.) რაც აძვირებს სასესხო პროდუქტს კლიენტისათვის.

რა უნდა გავითვალისწინოთ ბანკის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოთავაზებების შედარების დროს?

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არ არიან ვალდებულნი სასესხო ხელშეკრულებაში ასახონ საკრედიტო პროდუქტების ეფექტური საპროცენტო განაკვეთები და აქედან გამომდინარე, ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სასესხო პროდუქტების ფასების შედარებისას ყურადღება მიაქციეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სხვა ფინანსური ხარჯებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საპროცენტო განაკვეთების შედარებისას შეადარეთ არა მხოლოდ ნომინალური საპროცენტო განაკვეთები, არამედ, ყოველთვიური შესატანი თანხების ოდენობა და ასევე, სხვა ფინანსური ხარჯებიც. სესხის დოლარში აღებისას ყურადღება მიაქციეთ - ხელშეკრულებაში მითითებული იქნება 2 ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. პირველი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვალისწინებს ლარის მიმდინარე გაცვლით კურსს და ყველა ფინანსურ ხარჯს, ხოლო მეორე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ყველა ფინანსურ ხარჯთან ერთად ითვალსიწინებს ლარის შესაძლო 15% წლიურ გაუფასურებას.

რით განსხვავდება იპოთეკური და სამომხმარებლო სესხი?

სამომხმარებლო სესხი უფრო მცირე მოცულობისაა, ვიდრე იპოთეკურ სესხი, ამასთან, უფრო მცირე ვადიანია. იპოთეკურ სესხს აქვს კონკრეტული დანიშნულება - ბინის ან სახლის შეძენა, რემონტი, მშენებლობა. იპოთეკური კრედიტის შემთხვევაში სესხის უზრუნველსაყოფად უძრავი ქონება აუცილებელია, რომელიც ბანკის მიერ იტვირთება იპოთეკით. თუ მომხარებელი ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, ბანკი უფლებამოსილია მოახდინოს უზრუნველყოფის რეალიზაცია. სამომხმარებლო სესხს, როგორც წესი, უზრუნველყოფა არ სჭირდება, თუმცა არსებობს უზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტიც.


 
ფინკა ბანკი საქართველო ფინკა მიკროსაფინანსო ჰოლდინგის (FMH), წარმომადგენლობაა საქართველოში, ამავდროულად მსოფლიოს 21 ქვეყანაში მოქმედი გლობალური მიკროსაფინანსო და საბანკო ქსელის ნაწილია, რომლის მისიაა პასუხისმგებლიანი საფინანსო მომსახურება გაუწიოს მცირე შემოსავლების მქონე პირებსა და მოსახლეობას უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2017 ფინკა ბანკი საქართველო
საიტის გამოყენების პირობები | უსაფრთხოების პოლიტიკა | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი