ფინკა ბანკი აგრძელებს მომხმარებლების ინფორმირებას და ამჯერად გთავაზობთ ინფორმაციას სახელმწიფო პროგრამაზე – ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე, რომელთა გარკვეული ნაწილი 20 მაისიდან ამოქმედდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქვემოთ აღნიშნული ატარებს მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს დღეის მდგომარეობით და დეტალური კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ შესაბამის ორგანოებს.

რას მოიცავს ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე:

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირება (0.25 ჰა-დან 10  ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 200 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა მიწის ნაკვეთზე გადაანგარიშებით; მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შესაძლებლობა ექნება ბარათზე დარიცხული ქულები გამოიყენოს სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად);

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა (პროექტის ფარგლებში, საწვავის ლიმიტი 1 ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა. პროგრამის ბენეფიციარები აგროტექნიკური სამუშაოებისთვის  საჭირო დიზელის საწვავს, ბაზარზე არსებულთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად იყიდიან);

2012-2019 წწ სამელიორაციო მომსახურების დავალიანების ჩამოწერა (შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება, რომელიც 2012-2019 წლებში წარმოიქმნა, ჩამოეწერება);

შეღავათიანი აგროკრედიტი (პროექტში საბრუნავი საშუალებების კომპონენტს ემატება ახალი ქვეკომპონენტი – მემცენარეობის საბრუნავი საშუალებების დაფინანსება – იხ. ARDA.GOV.GE);

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა (სასოფლო-სამეურნეო სფეროში ტექნიკით დახმარება);

ტექნიკური დახმარების პროგრამა სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის (პროგრამის მიზანია ხარისხიანი ქართული აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობა);

აგროდაზღვევა (აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობაა კვლავ პოლისის ღირებულების 70%-ით, ხოლო  ვაზზე, 50%-ით);

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა (სოფლად რძის მცირე წარმოების განვითარების ხელშეწყობა – ახალი სტანდარტებისა და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა);

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი პროექტები (ფერმერების მიერ ყურძნის წარმოების ზრდის სტიმულირება და ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოს ჩამოყალიბება);

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა (რძის მწარმოებელი კოოპერატივებისათვის რძის გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობის შეძენის სახელმწიფო თანადაფინანსება).

მეტი ინფორმაციისთვის ასევე იხილეთ ინსტრუქცია და პირობები , პრეზენტაცია, კითხვები და პასუხები, http://arda.gov.ge/, და საკანონმდებლო აქტი