ფინკა ბანკი სრულად იცავს მომხმარებელთა უფლებებს

2019-03-21T21:24:17+04:00მარტი 20, 2019||

2019 წლის 13 მარტს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ქსელმა Smart Campaign-მა ფინკა ბანკს სერტიფიკატი მეორედ მიანიჭა. ფინკა ბანკს SMART სერტიფიკატი გადაეცა როგორც მომხმარებლების ინტერესებზე ორიენტირებული პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობის დასტური.

SMART Campaign-ის აუდიტორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ფინკა ბანკი შესაბამისობაშია მომხმარებელთა დაცვის 7 ძირითად პრინციპთან, მათ შორის  არის – მომხმარებლების დაცვა ზედმეტი ვალდებულებებისგან, ჭარბვალიანობის პრევენცია, მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვა და საჩივრების განხილვის მექანიზმის არსებობა, პროდუქტის დიზაინი და გონივრული ფასი.

როგორც ფინკა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვუსალ ვერდიევმა აღნიშნა, სერტიფიკატის მეორედ მიღება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფინკა ბანკისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვა. “მოხარულები ვართ, რომ უკვე მეორედ მივიღეთ SMART სერტიფიკატი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტისთვის, რაც ასე პრიორიტეტულია ჩვენთვის. ეს ნიშნავს, რომ ფინკა ბანკის საქმიანობა დაფუძნებულია სამართლიანობასა და ეთიკურობაზე და ეს უკვე აღიარებულია საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ. ვამაყობთ, რომ მომხმარებლებს ვთავაზობთ პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებას“.

ფინკა ბანკი 20 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე მუშაობს და ფინანსურ მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე პირებს. ბანკმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის სერტიფიკატი პირველად 2016 წელს მიიღო, ფინკა ბანკი იყო პირველი ქართული საფინანსო ინსტიტუტი, რომელმაც SMART სერტიფიკატი მიიღო. სერტიფიკატი 4 წლიანია, თუმცა მიღებიდან 2 წლის შემდეგ კომპანიამ კვლავ უნდა გაიაროს აკრედიტაცია და დაადასტუროს მომხმარებლეთა დაცვის პრინციპების შესაბამისობა. ფინკა ბანკმა ამჯერადაც მოიპოვა SMART სერტიფიკატი და დაადასტურა, რომ ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა სრულ შესაბამისობაშია მომხმარებლების უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და ეფუძნება სამართლიან და ეთიკურ მიდგომებს.

SMART Campaign მომხმარებელთა დაცვის ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ორგანიზაციაა საფინანსო სექტორში.