ფინკა ბანკი საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრი გახდა

2018-11-21T17:50:43+00:00ნოემბერი 12, 2018||

2018 წლის 7 ნოემბერს ფინკა ბანკი საქართველოს პრო ბონო ქსელს შეუერთდა და პარტნიორებთან ერთად კვლავაც გააგრძელებს პრო ბონო საქმიანობას და საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას.

2019 წელს სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების ფარგლებში ფინკა ბანკი კვლავ წაახალისებს თანამშრომელთა პრო ბონო საქმიანობას და გააგრძელებს ორგანიზაციებისთვის ცოდნის გაზიარებას და სხვადასხვა რესურსებზე ხელმისაწვდომობის შექმნას.

საქართველოს პრო ბონო ქსელი 2015 წლის ოქტომბერში დაარსდა და იგი წარმოადგენს საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზა და პროფესიული რესურსები საზოგადოების სასიკეთოდ გამოიყენონ. 2018 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით საქართველოს პრო ბონო ქსელის ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო ქსელის წევრი კომპანიების საქმიანობის შეჯამება და სამომავლო გეგმების განხილვა. აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა გლობალური პრო ბონო კვირეულის ფარგლებში.

2018 წელს ფინკა ბანკი საქართველოში საქმიანობის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს, კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი მიმართულება ქვეყანაში ფინანსური განათლების დონის ამაღლებას და მცირე მეწარმეების გაძლიერებას ემსახურება.