ფინკა ბანკისა და ჯიპიაი ჰოლდინგის თანამშრომლობის შედეგია ის, რომ მოსავლის დაზღვევის შემდეგ, უკვე რამდენიმე თვეა მსხვილფეხა რქოსანი საქონლის დაზღვევის პროექტი დაიწყო.

პროექტი საშუალებას აძლევს ფერმერებს გამარტივებული პროცედურებით დააზღვიონ მსხვილფეხა საქონელი და შესაბამისად, იყვნენ მშვიდად ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს.

ფინკა ბანკის საკრედიტო მიმართულების ხელმძღვანელი, ირაკლი აბაშიძე აღნიშნავს, რომ დაზღვევა ეხმარება ფერმერს სტაბილურად განავითაროს თავისი საქმიანობა, უფრო მარტივად აიღოს დამატებითი ფინანსური რესურსები და ისარგებლოს სხვა საბანკო სერვისებით.

„ჩვენ ვუხსნით ფერმერებს რამდენად აუცილებელია დაზღვევა მათი სიმშვიდისთვის, რადგან ზარალის ანაზღაურება მნიშნელოვანია აგრო ბიზნესის სტაბილური განვითარებისათვის. პროექტის დაწყების შემდეგ უკვე ანაზღაურდა რამდენიმე სადაზღვევო შემთხვევა. დაზღვევის პოლისების რაოდენობა ყოველ თვე მზარდია, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ფერმერები უფრო მეტად არიან დაინტერესებული ამ პროდუქტით“, აღნიშნავს ირაკლი აბაშიძე.

დაზღვევის შეძენა შესაძლებელია როგორც ჯიპიაი ჰოლდინგის, ასევე ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

ფინკა ბანკი და ჯიპიაი ჰოლდინგი ქვეყანაში დაზღვევის კულტურის განვითარებისთვის სხვადასხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავენ.