ქვეყანასა და მსოფლიოში შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე გარკვეული ტიპის ბიზნესის მქონე პირებს საბანკო ვალდებულებების დაფარვის პრობლემები შეექმნათ. მათ მხარდასაჭერად  საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ იქნა ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების გეგმა. აღნიშნული დადგენილება ემსახურება მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიაში მომუშავე იმ მეწარმე სუბიექტების დახმარებას, რომელთაც COVID-19-ის გამო არ აქვთ შესაძლებლობა გადაიხადონ კომერციულ ბანკში აღებული სესხზე დარიცხული პროცენტი.

თანადაფინანსების პროგრამა მოიცავს სახელმწიფოს მიერ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას (2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით არსებულ სესხზე მომდევნო 6 თვის პერიოდზე) 80% ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, ხოლო უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში – 70%.

თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის სექტორში მომუშავე მეწარმე სუბიექტებს, თუ ისინი აკმაყოფილებენ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ წინაპირობას:

  • კომერციული ბანკის მიერ დამტკიცებული სესხი არ უნდა აჭარბებდეს 1 000 000 ლარს. უცხოურ ვალუტაში დამტკიცებული სესხების შემთხვევაში ლიმიტია: (i) 300 000 აშშ დოლარი ან (ii) 250 000 ევრო;
  • სესხი გაცემული უნდა იყოს კომერციული ბანკის მიერ 2020 წლის 1 მარტამდე;
  • სესხის ხელშეკრულების მიზნობრიობა უნდა იყოს სასტუმროს მშენებლობა, გაფართოება, აღჭურვა, რემონტი ან რეკონსტრუქცია;
  • სესხის რეფინანსირების არსებობის შემთხვევაში, რეფინანსირებული უნდა იყოს მხოლოდ სასტუმროს მშენებლობის, გაფართოების, აღჭურვის, რემონტის ან რეკონსტრუქციის მიზნობრიობით კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხები;
  • კომერციული ბანკის მიერ 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში გაცემული სესხი პრობლემურ კატეგორიაში არ უნდა იყოს კლასიფიცირებული;
  • „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ბენეფიციარისთვის დამატებით წინაპირობაა: დასრულებული უნდა იყოს თანადაფინანსების 24-თვიანი პერიოდი.

აღნიშნული პროგრამით სარგებლობისთვის შეავსეთ განაცხადი შემდეგ ბმულზე.